იმის გამოისობით, რომ ქუთაისის ტორპედო“ წლების მანძილზე უმაღლესი ლიგიდან იყო გავარდნილი, საქართველო ჩემპიონტაში მთავარ მატჩად მონათლული “დინამო“–“ტორპედოს“ შეხვედრა კარგა ხანი არ გამართულიყო. სწორედ ამიტომ, ეროვნულ პირველობაზე ამ შეხვედრას წინ დიდი აჟიოტაჟი უძღვოდა.,



ქართულ "ელ–კლასიკოს" ქუთაისში 11 000 გულშემატკივარი დაესწრო. სტადიონზე დასწრება უფასო იყო და გარკვეულწილად სწორედ ამან გამოიწვია ანშლაგი. თბილისის "დინამოს" ქუთაისში 12 ერთგული გულშემატკივარი გაყვა, რომელსაც 90 წუთის განმავლობაში არ შეუწყვეტია საყვარელი გუნდისთვის მხარდაჭერა, მაგრამ ქუთაისელი გულშემატკივარი თბილისელთა მიმართ თავიდანვე აგრესიულად იყო განწყობილი.



დაახლოებით 70–ე წუთზე "დინამოელმა" დონალდ ჯუისმა "ტორპედოს" ერთ–ერთ ფეხბურთელზე თამაშის წესები დაარღვია, რის გამოც კამერუნელი ყვითელ ბარათს და გაძევებას იმსახურებდა (ერთი ყვითელი ბარათი ჯუისს უკვე ჰქონდა), მაგრამ მატჩის არბიტრმა კვარაცხელიამ "დინამოელი" დაინდო, რასაც ქუთაისელი გულშემატკივრის აღშფოთება მოჰყვა და ტრიბუნებიდან მსაჯს "ლიკანის" ბოთლი ესროლეს.



შეხლა–შემოხლა მოხდა ტრიბუნებზე გულშემატკივრებს შორისაც. შესვენებაზე ქუთაისელი გულშემატკივარი ტრიბუნაზე ქვებით შეიარაღდა და "დინამოს" გულშემატკივრებზე გაიწია. შეგახსენებთ, რომ თბილისელთა მხრიდან მატჩს სულ რაღაც 12 კაცი ესწრებოდა. თბილისელებს ქუთაისელებმა ქვები დაუშინეს და სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენეს. რამდენიმე წუთის შემდეგ ეპიზოდი სტადიონის უსაფრთხოების სამსახურმა განმუხტა.



მიუხედავად თბილისელთა მისამართით აგრესიული შეძახილებისა, "დინამოს" ფანებმა განაცხადეს, რომ როდესაც "ტორპედო" თბილისში ჩამოვა, ისინი იგივეს განმეორებას არ აპირებენ. მატჩი თბილისში "დინამოსა" და "ტორპედოს" შორის 2010 წლის 12 დეკემბერს შედგება.



იქამდე კი საინტერესოა, თუ რა სახის დისკვალიფიკაცია დაეკისრება ქუთაისის "ტორპედოს". ან მიაქცევს კი ყურადღებას პროფესიული ფეხბურთის ლიგა ამ ფაქტს... ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.