ძნელია ვინმეში შეგეშალო, შეუძლებელია! მე ერთადერთი და განუმეორებელი ვარ, შეეგუეთ ამას!

წარმატება - რთული რამაა. მე მას მხოლოდ 30 წლის შემდეგ მივაღწიე და ეშმაკმა უწყის, როგორ აეწყობოდა ჩემი ცხოვრება, წარმატებისთვის უფრო ადრე რომ მიმეღწია.

წარმატებასთან ერთად ფულიც მოვიდა. ბევრი ფული. თუმცა სიმდიდრის გამო სინდისის ქენჯნას განვიცდი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეს ასეა.

რას აღარ ვაკეთებდი, ვიდრე მსახიობი გავხდებოდი. ქალის ფეხსაცმელსაც ვყიდდი. და აი რა აღმოვაჩინე: ქალები ფეხის ზომას მალავენ. აბსოლუტურად ყველა ცრუობს!

პირადი ცხოვრების შესახებ საუბარი არ მიყვარს. იმიტომაც არის პირადი, რომ არავის უნდა გაუზიარო.

მივიღებდი თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას? არა. რატომ? ძალიან ბევრ ქალთან მეძინა, ძალიან ბევრ ნარკოტიკს მოვიხმარდი და ძალიან ბევრ წვეულებაზე ვიყავი.

რა ანიჭებს მამაკაცს მოდურობას? იუმორის გრძნობა. უეჭველია, რომ მამაკაცს პირველ ყოვლისა, იუმორის გრძნობა სძენს მომხიბვლელობას.

გადაღებებამდე არასდროს ვიკეთებ გრიმს და ეკრანზე ეს უკვე შესამჩნევი ხდება. ვბერდები. მიყვარს "The New York Times”-ი და ”The Washington Post"-ი. ამით ორიგინალური ნამდვილად არ ვარ.

ოჯახი

დაქორწინებული ერთხელ უკვე ვიყავი, თუმცა ქორწინებამ არაფერი მასწავლა. დიახ, ჩემი მეუღლე მიყვარდა, მაგრამ როდესაც რაღაც პრობლემა იყო, ვითარების გამოსწორებას ვერ ვახერხებდი. რას ითხოვთ ჩემგან, მაშინ ხომ მხოლოდ 28 წლის ვიყავი!

დედაჩემმა მრავალმხრივობა მასწავლა. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც მისგან ვისწავლე. დედას საკუთარი სატელევიზიო შოუ მიჰყავდა და სილამაზის დედოფალი იყო.
თუმცა საუკეთესო ჟურნალისტი, რომელსაც ვიცნობ, მამაჩემია. მას არასდროს ეშინოდა სწორი და პირდაპირი კითხვების დასმის. მამაჩემი ჩემთვის საყვარელ საქმესთან დამოკიდებულების მაგალითია.

არ მესმის, ერთსქესიანთა ქორწინების გარშემო რატომ არის ამდენი ხმაური. ნუთუ კიდევ ვინმეს სჯერა ქორწინების ინსტიტუტის, როდესაც განქორწინებათა პროცენტი 50-ს აღწევს.

ჩემი მეგობრები - ჩემი ოჯახია. ეს საუკეთესოა, რაც ცხოვრებაში გამაჩნია. ძალიან ვუფრთხილდები ამ ადამიანებთან მეგობრობას.

მეთ დეიმონი ჩემი საუკეთესო მეგობარია. როდესაც მან მოულოდნელად დაქორწინება გადაწყვიტა, ვუთხარი: "ის მართლაც კარგი გოგონაა-მეთქი". მეგობრებს მხარი უნდა დაუჭირო. მოხარული ვარ მეთის გამო.

ჩემი ოჯახის 9 წევრი ფილტვის კიბოთი დაიღუპა. ამიტომ არ ვეწევი.

სამსახური

ჩემს კარიერაში, გულწრფელად რომ ვთქვა, საშინელი ფილმებიც არის. მაგრამ მათ გარეშე მე ვერასდროს გავხდებოდი ის, ვინც ვარ.

წარუმატებლობებმა მასწავლა, რომ მხოლოდ საკუთარ გემოვნებას უნდა ენდო.

პაპარაცებმა, რომლებიც გამუდმებით ჩემი სახლის გარშემო ტრიალებენ, თავი მომაბეზრეს. მაგრამ საჯაროობის გამო, იძულებული ვარ ამ თამაშს ავყვე.

რეჟისურა - აი, რა მიზიდავს ყველაზე მეტად. ბოლოს და ბოლოს, გაცილებით სახალისოა იყო მხატვარი, ვიდრე - ნახატი.