ჩვენს ჯგუფში ბრძოლა გუშინ, "რამათ განზე" გაიხსნა, სადაც როგორც მოსალოდნელი იყო, ისრაელის ნაკრებმა ჯგუფის აუტსაიდერ მალტას სძლია. უნდა აღინიშნოს, რომ კუნძულელებს თავი სულაც არ შეურცხვენიათ და ლუის ფერნანდესის გუნდს მედგარი წინააღდეგობა გაუწიეს.

თუმცა გუშინ მოედანზე იყო ფეხბურთელი, რომელსაც სტუმრებმა ვერაფერი მოუხერხეს. იოსი ბენაიუნმა ჰეთ-თრიქი შეასრულა და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ არა მხოლოდ ებრაელთა გამორჩეული ფეხბურთელია, ევროპული დონის ვარსკვლავიცაა.
ისრაელმა სწრაფი გოლი გაიტანა და ალბათ, ყველას ეგონა, რომ მეტოქის კარს კიდევ არაერთხელ დალაშქრავდა, მაგრამ მოულოდნელად, პირველი ტაიმის ბოლოს მალტამ წონასწორობა აღადგინა. შესვენების შემდეგ მასპინძელთა გაცილებით მაღალმა კლასმა მაინც თავისი ქნა და ისრაელი ჯგუფში მინიმუმ ერთი დღით გალიდერდა.


ისრაელი-მალტა 3:1

ისრაელი: ავათე, ბენ ჰაიმი, ბონდარვი, ქაიალი (86. გოლასა), ა. კოჰენი, რაფაელოვი, ტ. კოჰენი, ბენ-დაიანი, საჰარი (73. არბეიტმანი), ზაჰავი (51. ვერმუთი), ბენაიუნი.

მალტა: ჰოგი, კარუანა, მამო, შიბერასი, აგიუსი, ბოგდანოვიჩი (57. კოენი), ბრიფა (82. ფაილა), პეისი, ერერა (80. ე. მუსკატი), ბაიადა, მიფსუდი.

გოლები: 1:0 ბენაიუნი (7), 1:1 პეისი (38), 2:1 ბენაიუნი (64. პენ.), 3:1 ბენაიუნი (75).

გაფრთხილება: ბოგდანოვიჩი (34), ბენაიუნი (40), კოენი (61), პეისი (90).

არბიტრი: ს. ენიიმი (საფრანგეთი).