ავსტრალიის პოლიციამ სიდნეიში "ადამიანი-ობობას" სახელით ცნობილი სამრეწველო ალპინისტი ალენ რობერი დააკავა. როგორც ABC News-ი იტყობინება, ფრანგი ალპინისტი მაშინ დააკავეს, რაც ის სპეციალური აღჭურვილობისა და დაზღვევის ქამრის გარეშე სიდნეის ცენტრში Lumiere Building-ის 57-სართულიან შენობაზე აცოცდა.

შენობაზე ასაძრომად რობერს 20 წუთი დასჭირდა. ხალხი, რომელიც შენობასთან შეიკრიბა და ცათამბჯენის დაპყრობას თვალს ადევნებდა, 48 წლის "ადამიან-ობობას" აპლოდისმენტებით შეხვდა.

ავსტრალიის ტერიტორიაზე რობერს პირველად არ აპატიმრებენ. 2009 წელს ის მაშინ დააკავეს, როდესაც დაზღვევის ქამრის გარეშე Royal Bank of Scotland-ის 41-სართულიან შენობაზე აძვრა. ამ საქციელისთვის მან 750 დოლარი ჯარიმა გადაიხადა.

ალენ რობერს მსოფლიოს მასშტაბით 70-მდე მაღალი შენობა აქვს დაპყრობილი. ჩვეულებისამებრ ის ცათამბჯენებს სპეციალური აღჭურვილობისა და ხელისუფლების შესამაბისი ნებართვის გარეშე იპყრობს, რის გამოც მას ხშირად აკავებენ.