იტალიის სერია b-ში დაქვეითებული "ატალანტას" ულტრასებმა ხელისუფლების მიერ ე.წ. "გულშემატკივრის პასპორტის" შემოღების წინააღმდეგ ბერგამოში საპროტესტო აქცია გამართეს. საფეხბურთო ხულიგნობასთან ბრძოლასა და პრევენციაზე გათვლილი ეს ზომა ძალაში მომავალ უქმეებზე შედის.

ხსენებული ზომა სტადიონზე შესვლასა და ბილეთების შეძენას მხოლოდ სპეციალური ბარათის წარდგენის შემთხვევაში გულისხმობს. ბარათზე შეტანილი იქნება ინფორმაცია მისი მფლობელის მიერ სტადიონზე წესების დარღვევის შესახებ.

გუშინ ბერგამოში ქალაქის დღე იყო, ჩვენებური თბილისობის მსგავსი დღესასწაული, რომელზეც სიტყვით "გულშემატკივრის პასპორტის" შემოღების ინიციატორი, იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრი რობერტო მარონი გამოვიდა. ჰოდა, სწორედ მარონის გამოსვლისას იყო, გაცოფებულმა ულტრასებმა პოლიციის რამდენიმე მანქანა რომ დაწვეს. აქციის დაშლისას ერთი პოლიციელი და სულ ცოტა ოთხი ტიფოზი დაშავდა. ოთხი ავტომობილი სრულად დაიწვა. მარონიმ კი პირობა დადო, "რაც ბერგამოში მოხდა, აქციის ყველა მონაწილეს ძვირად დაუჯდება: ისინი სტადიონზე კიდევ დიდხანს ვერ შევლენ"-ო. "ისინი, ვინც "მოლოტოვის კოქტეილებს" ისვრიან, ტერორისტები არიან", - თქვა მინისტრმა.

ბერგამოული პოლიციის მონაცემებით, საპროტესტო აქციაში 500-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.