არგენტინის დედაქალაქის პარლამენტში კანონპროექტი შევიდა, რომელიც ბუენოს-აირესის სამხრეთ ნაწილში ფეხბურთის მსოფლიო დონის ვარსკვლავისა და არგენტინის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელის დიეგო მარადონას ძეგლის დადგმას ითვალისწინებს, იტყობინება ადგილობრივი სიანფორმაციო საშუალება Infobae.

ინიციატივის ავტორი ხუან კაბანდიეა, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მმართველი პერონისტული პარტიის პროპრეზიდენტულ ფრაქციას ხელმძღვანელობს. ძეგლის დადგმას პუენტე-ლა-ნორიას რაიონში აპირებენ, იმ კვარტალთან ახლოს, სადაც 1960 წლის 30 ოქტომბერს ცნობილი ფეხბურთელი დაიბადა.

"მარადონა სოციალურ ფენომენად იქცა, არგენტინის ეროვნული კულტურის ხატად... თავისი ნაკლოვანებებითა და ღირსებებით, რიგითი ადამიანისთვის დამახასიათებელი შეცდომებით, დიეგომ ბედის უკუღმართობის დამარცხება შეძლო. ის სიმტკიცისა და მებრძოლი სულის განსახიერებაა", - აცხადებს კაბანდიე.

მისი აზრით, უბრალო ადამიანები მარადონაში არა მხოლოდ სპორტულ მიღწევებს ხედავენ, არამედ მის სხვა დამსახურებებსაც.

"დიეგო ყოველთვის ანტიიმპერიალისტი და დაჩაგრულთა ქომაგი იყო, რომლებიც მასში თავიანთი იმედების გამართლებას ხედავდნენ", - აღნიშნავს კაბანდიე.

მისი თქმით, საკუთარი კერპისადმი ერის სიყვარული კიდევ ერთხელ მაშინ დადასტურდა, როდესაც გასულ კვირას, მიუხედავად მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში გერმანიასთან არგენტინის ნაკრების დამარცხებისა, ათასობით გულშემატკივარი არგენტინის ნაკრებსა და მის მწვრთნელს ბუენოს-აირესის აეროპორტში ოვაციებით დახვდა. არგენტინის ლიდერმა კრისტინა ფერნანდეს დე კირშნერმა მარადონა და ქვეყნის ნაკრები პრეზიდენტის სასახლეში დიდი პატივით მიიღო.

გერმანიასთან დამარცხების შემდეგ მარადონამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ თანამდებობის დატოვებას აპირებს, თუმცა, მისი გარემოცვის წევრების მოწმობით, არ არის გამორიცხული, რომ მან გადაიფიქროს.

არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის ხელმძღვანელმა ხულიო გრონდონამ განაცხადა, რომ "ნაკრების მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობის გაგრძელების გადაწყვეტილებას მხოლოდ მარადონა მიიღებს".