ზესტაფონის გამგებელი გივი არაბიძე, ზესტაფონის რაიონის სოფელ ქვემო საქარას ტბაში ურჩხულის არსებობას კატეგორიულად უარყოფს. არაბიძემ ეს კომენტარი გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას გააკეთა, რომლის მიხედვითაც ადგილობრივები ამტკიცებენ, რომ ქვემო საქარას ტბაში ურჩხული დაბინავდა, რომელიც საქონლითა და ძაღლებით იკვებება.

ჩვენ ყველამ, ადგილობრივმა პოლიციამ, უსაფრთხოების უსაფრთხოების სამსახურმა და ქალაქის მუნიციპალიტეტმა დავადგინეთ, რომ სოფელ ქვემო საქარას ტბაში არავითარი მრავალმეტრიანი ურჩხული არ ბინადრობს, _ აცხადებს არაბიძე და დასძენს, რომ ეს ამბავი ვიღაც გაუწონასწორებელმა ქალებმა მოიგონეს.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები შებინდების შემდეგ სახლებიდან არ გამოდიან და მიზეზად მრავალმეტრიანი ურჩხულის შიშს ასახელებენ, რომელიც ქვემო საქარას ტბაშია დაბინავებული.

ყველას სურს გაერკვეს რა ხდება. აქ ბევრს ბავშვები ყავს და ყველა პანიკაშია. რამდენჯერმე მართლაც შევნიშნეთ ტბაში ორი უზარმაზარი ზომის გველი, რომელთაგან ერთ-ერთი სიგრძეში რვა მეტრზე ნაკლები არ არის, _ აცხადებენ ადგილობრივები.

მიუხედავად პოლიციის ძალისხმევისა, სოფლის მაცხოვრებლები მრავალ სხვა და სხვა ვერსიას განიხილავენ, რომელთაგან ყველაზე აქტუალური არის ის, რომ ქვემო საქარას ტბაში ანაკონდა ბინადრობს.