უძველესი სასმელი

ლუდს უძველესი დროიდან ამზადებენ, თუმცა უძველეს სასმელს ერთი კონკრეტული სამშობლო არა აქვს. ლუდის დამზადება ყველა კონტინენტზე ყველა უძველესმა ერმა იცოდა.
ისტორიკოსთა მტკიცებით, ლუდი 8000 წლის წინათ გაჩნდა.ლეგენდის თანახმად, გულმავიწყ მცხობელს პურის ცომი მზეზე დარჩა, ცომი თხევადი გახდა და ამჟავდა. შეცბუნებულმა მცხობელმა უცნაური მასა გასინჯა და მოეწონა - ასე იწყება ლუდის ისტორია.

ანთროპოლოგთა ერთი ნაწილი ამტკიცებს, რომ ცივილიზაცია ლუდის წყალობით გაჩნდა. როდესაც უძველესმა ხალხებმა აღმოაჩინეს, რომ მარცვლეულისაგან პურისა და ლუდის დამზადება შეიძლება, მათ მომთაბარე ცხოვრებას ერთ ადგილზე დამკვიდრება ამჯობინეს და მარცვლეულის მოყვანა დაიწყეს, რამაც კაცობრიობის იდენტიფიცირებად ისტორიას დაუდო სათავე.

ლუდის დამზადების პიონერებად შუმერები, სირიელები, ასურელები, ეგვიპტელები და ბაბილონელები ითვლებიან.

ბაბილონი

ბაბილონის მმართველმა ჰამურაბმა, რომელმაც მესოპოტამია და ასირიელთა ქვეყანა შემოიერთა, სხვა კანონებთან ერთად, ლუდის წარმოებისა და მოხმარების უმკაცრესი წესი დაამკვიდრა. ბაბილონელები ლუდის სიწმინდეს უმკაცრესად იცავდნენ.
"ქვის ძელი" - ტრაქტატი, რომელიც 1903 წელს სუზში - თანამედროვე ერაყის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს და ამჟამად ლუვრში ინახება, დაუჯერებელ ამბავს გვამცნობს.
უძველესი ლურსმნული დამწერლობით მასზე ამოტვიფრულია წარწერა იმის შესახებ, რომ ლუდის არაკეთილსინდისიერი მხარშველი, რომელიც ლუდს წყალს გაურევდა, უმკაცრესი სასჯელით ისჯებოდა: ან თავისივე მოხარშული სასმელით სავსე კასრში ახრჩობდნენ, ან მისივე დამზადებულ სასმელს იმდენს ასმევდნენ, ვიდრე არ მოკვდებოდა. დასჯის სასტიკი მეთოდები იმ გამყიდველებზეც ვრცელდებოდა, ვინც ლუდის ფასს უსაზღვროდ ზრდიდა.

უძველესი კრებული, რომელსაც ჰამურაბის კოდექსი უწოდეს, ქრისტეშობამდე 1700 წლით ადრეა შექმნილი. ასევე, სიკვდილით ისჯებოდა ის ლუდხანის მფლობელი, რომელიც თავის დაწესებულებაში პოლიტიკურ დისკუსიებს დაუშვებდა.
ჰამურაბის კოდექსიდან იმასაც ვიგებთ, რომ იმ დროს ყველა წამალს ლუდს აყოლებდნენ.

არქეოლოგების აზრით, 6000-8000 წლის წინათ ძველ ბაბილონში ლუდი ყველაზე პოპულარული სასმელი იყო. ბაბილონელები ქვებით ჩეჩქვავდნენ ქერისა და სპელტის (სიმინდის წინაპარი) მარცვლებს, ასხამდნენ წყალს, ამატებდნენ სურნელოვან ბალახებს და რამდენიმე დღეში იღებდნენ სასიამოვნო გამამხნევებელ სასმელს.
მესოპოტამიის ქალაქ-სახელმწოფოში ურში კი ლუდს პროფესიულად - გასაყიდად ამზადებდნენ. ლუდი ისეთი რაოდენობით მზადდებოდა, რომ თითქმის მთელი მარცვლეულის ნახევარს ალაოდ ამუშავებდნენ. სვიას მაშინ ჯერ კიდევ არ ხმარობდნენ. ბაბილონელებისა და შუმერების დამზადებული ლუდი მოტკბო გემოსი იყო, ჩვენთვის კარგად ნაცნობი სვიის სიმწარის გარეშე.

უძველესი სამარხების ბარელიეფებზე შემორჩენილია ლუდთან დაკავშირებული ტრადიციული რიტუალები. ამ ნახატებზე ქურუმების მიერ ღმერთებისათვის ლუდით მსხვერპლშეწირვის რიტუალებია აღწერილი. ქურუმები ავრცელებდნენ მითებს ლუდის უნიკალური სამკურნალო თვისებების შესახებაც.

ფარაონების ეპოქა

ეგვიპტელები ლუდს თავდაპირველად ბაბილონში ყიდულობდნენ, თუმცა სასმელი ხანგძლივ ტრანსპორტირებას ვერ უძლებდა, ამიტომაც იძულებული გახდნენ, თავად დაეწყოთ ლუდის დამზადება. ისინი განსხვავებულ ლუდს ამზადებდნენ, სიმინდისაგან ლუდის დამზადება ძველეგვიპტური ღმერთის ოსირისის სახელს უკავშირდება. ეგვიპტურ ლუდს "ხეკი" ერქვა და მაგარი და მოტკბო გემოსი იყო.

პაპირუსი, რომელიც გერმანელმა ეგვიპტოლოგმა გეორგ ებერსმა აღმოაჩინა, ფარაონთა ქვეყანაში პირველი დოკუმენტია მედიცინის თემაზე -ის ლუდის რეცეპტებსაც შეიცავს.
ლუდის განსაკუთრებულ სამკურნალო თვისებებზე ეგვიპტელებმა ბევრი რამ იცოდნენ, ისინი თვლიდნენ, რომ ლუდის სმა სიცოცხლეს ახანგძლივებს.ლუდი პირამიდების მშენებელთა რაციონში მთავარი პროდუქტი იყო, ხშირად შესრულებულ სამუშაოს ასანაზღაურებლად ხელოსნებს ლუდს ურიგებდნენ. ლუდის მხარშველი კი იმდენად საპატიო პროფესია იყო, რომ მათ ქანდაკებებს სამარხებშიც ინახავდნენ. ასე იყო ნინევიაშიც.

ლუდი ეგვიპტეში წარმოუდგენლად პოპულარული იყო, დედოფალმა კლეოპატრამ პირამიდების მშენებლობის გასაგრძელებლად საჭირო თანხის მოძიება ლუდზე გადასახადების შემოღებით გადაწყვიტა. ეს იყო ისტორიაში პირველი გადასახადი, რომელიც სასმელის დამზადებისათვის დაწესდა.

ევროპა

ეგვიპტიდან ლუდი ეთიოპიაში, ირანსა და კავკასიაში გავრცელდა. ინდოევროპელთაგან ლუდის დამზადება თავდაპირველად ფრიგიელებმა და თრაკიელებმა დაიწყეს. ისინი, მოგვიანებით კი სკვითებიც, ლუდს ქერისა და დაფქული ბრინჯისაგან ამზადებდნენ.
ძველი ბერძნები და რომაელები, უმთავრესად, ღვინოს მიირთმევდნენ - ლუდს ისინი ბარბაროსების სასმელად მიიჩნევდნენ.

ჯერ კიდევ არისტოტელეს დროს იცოდნენ ბერძნებმა იმის შესახებ, რომ ჩრდილო და ცენტრალურ ევროპაში მცხოვრებლები ლუდს ამზადებდნენ. რომაელმა კონსულმა და მწერალმა პლინიუს უმცროსმა (62-114 წლები) ევროპაში 195 სახეობის ქერის სასმელი აღწერა.ლუდის დამზადებას იმ დროს გერმანელები მისდევდნენ. ამის შესახებ იუწყებოდა ტაციტიუსიც, "გერმანელების შესახებ" ცნობილი ტრაქტატის ავტორი.

ფიქრობენ, რომ ლუდის დამზადება გერმანელებმა ფინიკიელებისაგან ისწავლეს. გერმანიიდან ლუდის დამზადების ტექნოლოგია გავრცელდა ინგლისსა და სკანდინავიაში, ევროპული კულტურის ექსპანსიის კვალდაკვალ კი ლუდი მთელს მსოფლიოში პოპულარული გახდა.

"სვიის გადატრიალება"

სვიის გამოყენებამ ლუდის დამზადებაში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა. სვიის მოყვანა ევროპაში ხალხთა დიდი გადასახლების დროს დაიწყეს. ლუდის უმნიშვნელოვანეს კომპონენტად სვია მხოლოდ მეთორმეტე საუკუნეში იქცა.
სვია ლუდს განსაკუთრებულ მომწარო გემოს აძლევს და დიდხანს ინახავს. პირველად სვია ლუდში კარლოს დიდის მეფობის დროს დაამატეს, დაახლოებით, 800 წელს. გერმანიაში ის იმდენად ძვირფას პროდუქტად ითვლებოდა, რომ სვიით სახელმწიფო გადასახადების გადახდაც კი იყო შესაძლებელი.

ლუდის დამზადება თავდაპირველად ევროპაშიც დიასახლისების საქმე იყო, თანდათან კი მკაცრად რეგლამენტირებულ ხელობად იქცა. ლუდის მხარშველებს ლუდის გაყიდვის უფლება ჰქონდათ, მონასტრებსა და დიდგვაროვანთა სახლებში კი ლუდს მხოლოდ სასმელად მოიხმარდნენ.
ლუდის დამზადების ტექნოლოგია ევროპულ მონასტრებში დაიხვეწა. ბერები გამუდმებით ექსპერიმენტებს ატარებდნენ, სვიის გამოყენებაც მათი იდეა იყო - ლუდის მეშვეობით, ბერებს შეეძლოთ ხანგძლივი მარხვისათვის გაეძლოთ, კლერიკალური პრინციპები "თხევადი პურის" მიღებას არ კრძალავდა.

ლუდის სიწმინდის დაცვაზე ევროპელებიც განსაკუთრებულად ზრუნავდნენ. 1516 წელს ბავარიაში მიიღეს კანონი ლუდის რეცეპტურის უმკაცრესი დაცვის შესახებ. კანონი, რომელსაც "სიწმინდის მცნება" ჰქვია, აწესებდა, რომ ლუდის დამზადება შესაძლებელი იყო მხოლოდ ქერის, მოგვიანებით - ალაოს, სვიისა და სუფთა წყლისაგან. კანონი უმკაცრესად სჯიდა ნებისმიერ გადაცდომას - მათ, ვინც ლუდს წყალს ურევდა ან აყალბებდა, მკაცრ ჯარიმებს უწესებდნენ, ყველაზე ურჩებს კი ლუდში ახრჩობდნენ.
ამერიკის კონტინენტზე ლუდი ევროპელმა მეზღვაურებმა შუასაუკუნეებში ჩაიტანეს, თუმცა ჯერ კიდევ 1502 წელს ქრისტეფორე კოლუმბმა აღმოაჩინა, რომ ამერიკელები ლუდს სიმინდისა და ხის წვენისაგან ამზადებდნენ.

ჩინეთში უძველესი დროიდან ამზადებენ ბრინჯის ლუდს. ჩინური ლუდის შესახებ ევროპამ მარკო პოლოსაგან შეიტყო. ძველი ჩინური დოკუმენტი მოწმობს, რომ ლუდი სახელწოდებით "კიუ" ჩინეთში ჩვენს წელთაღრიცხვამდე 300 წლით ადრე მზადდებოდა.ლუდის მსგავსი სასმელები მარტო მარცვლეულისაგან როდი მზადდებოდა. ცეილონსა და პოლინეზიაში ნედლეულად პალმის წვენსა და ნაყოფს, აფრიკაში - სიმინდს, ირანში - ფინიკს, ინდოეთში - გარეული ფუტკრის თაფლს, ბანანს, შაქრის ლერწამსა და წიწაკას იყენებენ.
არსებობს ცნობები კავკასიის ხალხებში უძველესი დროიდან ლუდის მოხმარების შესახებ. მეცნიერები ფიქრობენ, რომ კოლხები ლუდის დამზადების საიდუმლოს ჯერ კიდევ არგონავტების მოგზაურობის დროს ფლობდნენ.

ლუდის რეცეპტი. ძვ.წ. 2050 სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა


ეგვიპტელი ქალი, ლუდის მზადება


ლუდის დამზადების მოდელი


ლუდის სმა ძველ ეგვიპტეში


ლუდის სმის რიტუალი


ლუდის სმის რიტუალი


როგორ მიირთმევდნენ ლუდს ეგვიპტეში


ბერი ლუდის ხარშვისას


ლუდის ქარხანა. მე-16 საუკუნე


წყარო: kazbegi.com