ევროპის საფეხბურთო კლუბების ნახევარზე მეტი – 56% წამგებიანია, მათი სუფთა დანაკარგების თანხამ 2010 წელს რეკორდული 1,2 მილიარდი ევრო შეადგინა. ორი წლის წინ ზარალიანი კლუბების წილი ევროპაში 70%–ს აღწევდა.
„უეფას“ მაღალჩინოსნებმა ევროპაში ელიტური დივიზიონების 655 კლუბი შეამოწმეს. აუდიტმა აჩვენა, რომ მათი შემოსავლები 4,8 %–ით, 11,7 მილიარდ ევრომდე გაიზარდა, თუმცა იმავდროულად მათმა ხარჯებმა 9,3 %–ით მოიმატა და 12,9 მილიარდ ევროს მიაღწია.
„უეფას“ ახალი წესების მიხედვით, საფეხბურთო კლუბებს უდეფიციტო ბიუჯეტი უნდა ჰქონდეს. შესაბამისი განკარგულება ძალაში 2012 წლიდან შედის, პირველი სანქციები კი სამი–ოთხი წლის შემდეგ ამოქმედდება.
აღნიშნული კანონი რომ ამჟამად მოქმედებდეს, ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან 11 კლუბი მოიხსნებოდა.
ყველაზე დიდ ვალებში ინგლისისა და ესპანეთის წამყვანი გუნდები არიან, გერმანული კლუბები კი ბიუჯეტებს წარმატებით აბალანსებენ. ამასთან, „უეფას“ პრეზიდენტის მიშელ პლატინის განცხადებით, ორგანიზაცია არ აპირებს ვინმესკენ „თითის გაშვერას“ და იმ კლუბების „შავ სიაში“ შეყვანას, რომლებიც ზარალს განიცდიან.

წყარო: commersant.ge