დღევანდელი დღე ქართული ფეხბურთისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია - საქართველოს ეროვნული ნაკრები თემურ ქეცბაიას თავკაცობით პირველ ოფიციალურ მატჩს ჩაატარებს, რომლის შემდეგაც უფრო მკაფიო წარმოდგენა შეგვექმნება იმაზე, თუ რას უნდა ველოდოთ და რისი იმედი უნდა გვქონდეს ამჟამინდელი ფორმაციის ნაკრებისგან.

"ლელო" ბოლო დღეებში ქეცბაიას გუნდის მზადებაზე ინტენსიურად გიამბობდათ, მაგრამ მოკლედ მაინც შეგახსენებთ, რომ ჩვენი ქვეყნის უპირველესმა გუნდმა ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩებისთვის შეკრება კვიპროსზე გაიარა და იქიდან საბერძნეთში გუშინ გაემგზავრა.

საქართველოს ნაკრები ჯერ ნიქოზიიდან ჯერ ათენში ჩაფრინდა, იქიდან კი პირეოსში გადაინაცვლა. შეგახსენებთ, საბერძნეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება სწორედ იქ, "გიორგიოს კარაისკასზე" შედგება.
გუშინ საღამოს ქართველმა ფეხბურთელებმა "კარაისკასზე" ივარჯიშეს და როგორც შევიტყვეთ, ყველა მოთამაშე სრულად დაიტვირთა. საქართველოს ნაკრებს სულ ბოლოს ზურაბ ხიზანიშვილი და ნუკრი რევიშვილი შეუერთდნენ. გუშინ გაცნობეთ, რომ ჯანო ანანიძე, გოგიტა გოგუა და ალექსანდრე კოშკაძე თავს კარგად გრძნობენ და საბედნიეროდ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სადღეისოდაც ფაქტობრივად, იდეალურია. აქვე საქართველოს ნაკრების სრულ შემადგენლობასაც გადავხედოთ.

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი), გიორგი ლორია (დინამო), გრიგოლ ბედიაშვილი (ოლიმპი);
მცველები: კახაბერ კალაძე (ჯენოა), მალხაზ ასათიანი (ლოკომოტივი მ), ზურაბ ხიზანიშვილი (რედინგი), ლაშა სალუქვაძე, დავით კვირკველია (ორივე - რუბინი), ალექსანდრე ამისულაშვილი (ქაისერი), უჩა ლობჟანიძე (დნეპრი), მათე ღვინიანიძე (მიუნხენ 1860);
ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა), გოგიტა გოგუა (სპარტაკი ნ), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მ), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა), ალექსანდრე კოშკაძე (დინამო), თორნიკე აფციაური (ზესტაფონი);
თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (მაქაბი ჰ), ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე), დავით სირაძე (სპარტაკი ნ), ნიკოლოზ გელაშვილი (ზესტაფონი).

ბუნებრივია, საბერძნეთის ნაკრების წისქვილზე ერთგულ და აქტიურ გულშემატკივართა სიმრავლე დაასხამს წყალს, მაგრამ ქომაგის გარეშე არც ჩვენი გუნდი დარჩება. ქართველი გულშემატკივრებისთვის საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ მატჩზე დასასწრები 400 ბილეთი გამოყო და მოსალოდნელია, რომ ჩვენი თანამემამულეები სტადიონზე ამ რაოდენობის ადგილებს სრულად შეავსებენ. არც ისაა გამორიცხული, რომ საკუთარი ნაკრების საქომაგოდ სტადიონზე 400-ზე გაცილებით მეტი ქართველიც მივიდეს. თამაშზე დასასწრები ბილეთები ევროპული საზომით არცთუ ძვირი - 10, 20 და 30 ევრო ღირს.

ბერძნულმა პრესამ იქაური აეკ-ის ყოფილ ფეხბურთელსა და "ოლიმპიაკოსის" ყოფილ მწვრთნელ ქეცბაიას მოახლოებული დაპირისპირების შესახებ კომენტარი სთხოვა. "შესარჩევი ტურნირის თითოელ მატჩში მაქსიმალური შედეგისთვის ვიბრძოლებთ და ზუსტად ამ განწყობით გავალთ საბერძნეთთან სათამაშოდ. ბუნებრივია, წინ ურთულესი შეხვედრა გველის, მაგრამ წარმატების შანსი ჩვენც გვაქვს და მის გამოყენებას შევეცდებით", - თქვა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა დღეს სავარაუდოდ, ასეთი უნდა იყოს: რევიშვილი - ლობჟანიძე, ასათიანი, ამისულაშვილი, კალაძე - ხიზანიშვილი, კობიაშვილი - ანანიძე, გოგუა, იაშვილი - დვალიშვილი.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საბერძნეთი-საქართველოს მატჩი დღეს, თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. სამწუხაროდ, გაზეთის დაბეჭდვამდე შეხვედრის პირდაპირი ტელერეპორტაჟის შესახებ დამაიმედებელი ცნობა არ მიგვიღია და ეგებ დღეისთვის შეიცვალოს რამე...

ბერძნები ქართველებისგან თავდაცვას ელიან

ახლა კი მეტოქის ბანაკში შევიხედოთ. რასაკვირველია, ევროპის 2004 წლის ჩემპიონი საკვალიფიკაციო ციკლის დაწყებას გამარჯვებით აპირებენ. ბერძნული პრესა საქართველოს ნაკრებს ხელწამოსაკრავ მეტოქედ არ მიიჩნევს, მაგრამ იმასაც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ფერნანდუ სანტუშს ჩვენზე გაცილებით მაღალი დონის გუნდი ჰყავს და აქედან გამომდინარე, ვალდებულია გაიმარჯვოს. საბერძნეთში დარწმუნებულნი არიან, რომ საქართველოს ნაკრები დაცვითი ტაქტიკით ითამაშებს. ქეცბაიასი არ იყოს, ამჟამინდელ პოსტზე ეს სახელოვანი ოტო რეჰაგელის პორტუგალიელი შემცვლელისთვისაც პირველი ოფიციალური მატჩი იქნება.

ბერძნებს ორი ახალწვეული ჰყავთ - "პანათინაიკოსის" თავდამსხმელი ანტონის პეტროპულოსი და იტალიური "ბრეშას" ნახევარმცველი პანაიოტის კონე. სანაკრებო კარიერის დასრულება სოტირის კირიაკოსმა და იოანის ამანატიდისმა გადაწყვიტეს. 7 სექტემბერს სანტუშის გუნდი სტუმრად ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებს.

საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ კი ბერძნები სავარაუდოდ, 4-4-2 ტაქტიკითა და ამ ძირითადი შემადგენლობით ითამაშებენ: სიფაკისი - სეიტარიდისი, პაპადოპულოსი, პაპასტატოპულოსი, სპიროპულოსი - კარაგუნისი, კაცურანისი, სამარასი, ტოროსიდისი - სალპინიდისი, გეკასი.

---------- პოსტი დამატებულია: - 15:35 ---------- წინა პოსტი - 15:26 ----------

აბა ვნახოთ რა ივაგლახავებენ დღეს