ამ ინტერვიუში არც მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატია ნახსენები და არც ტაქტიკური სქემების ნაირსახეობა. არგენტინელ ვარსკვლავ კარლოს ტევესს რუსული “კომერსანტი” სულ სხვა თემებზე ესაუბრა – “მანჩესტერ სიტის” სახენაიარევი ფორვარდის მონაყოლიდან, კიდევ ერთხელ მტკიცდება, რომ ფეხბურთი მეტწილად მაინც გაჭირვებული, ღარიბი ოჯახის შვილების თამაშია.

ტევესის ზოგიერთი წინადადება კი, უბრალოდ შეზარავს ადამიანს – ერთ-ერთი სათაურშიცაა მოყვანილი:

ამბობენ, რომ მძიმე ბავშვობა გქონდათ. ასეა?
- ბავშვობაში ყოველნაირად ვცდილობდი, მარტო არ გამოვსულიყავი გარეთ. ეს საშიში იყო. ღამღამობით ჩვენი უბანი იმ ბეირუთს მოგაგონებდათ, სადაც სამოქალაქო ომი მძვინვარებდა: ყვირილი, სროლა, პოლიციელების სირენები... ტყვიები ჩვენი სახლის ფანჯრებამდეც აღწევდა, ჩვენ კი იატაკზე ვიჩოქებდით და ვლოცულობდით. და წარმოიდგინეთ, მეორე დილით ისე მივდიოდი სკოლაში და ვარჯიშზე, თითქოს წუხელ არაფერი მომხდარა. ღამე მოკლული ადამიანების გვამებს ფეხს ვარიდებდი – დიახ, ეს ერთხელ და ორჯერ არ მომხდარა.

ალბათ, ნარკომანიის პრო¬ბ¬ლემაც აქტუალური იყო.
- ჩემს უბანში მუდმივად დახეტიალობდნენ მთვრალი და მოწევისგან გაბრუებული ტიპები. ბევრნიც ქურდობით შოულობდნენ ფულს და ამას “იოლ ფულს” ეძახდნენ, მერე კი მიდიოდნენ და ან სვამდნენ, ან ნარკოტიკებს იღებდნენ. მომდევნო დილით, ეს ხალხი ისევ უფულოდ იღვიძებდა და ქურდობას იწყებდა.

ასეთი ადამიანები ყველგან არიან, მაგრამ...
- მაგრამ ჩვენთან სავსე იყო. ჩემმა ერთმა მეგობარმა ბავშვობიდანვე აირჩია ეს გზა. უკვე 5 წელია, რაც დაიღუპა – ქურდი გახდა და პოლიციელის ტყვიამ მოკლა. მეც არჩევანის გაკეთება მომიწია: ან სხვებივით უნდა ვყოფილიყავი, ან ოცნება ამეხდინა და ფეხბურთელი გამოვსულიყავი. თუ ფეხბურთი ძალიან გიყვარს, ყველაფერი უნდა გაიღო მისთვის. ეს ძნელი, მაგრამ საამაყოა.

თქვენი ოჯახი სიღარიბეში ცხოვრობდა, დამწყებ ფეხბურთელს კი, სწორი კვება ესაჭიროება...
- ერთხელ, როდესაც უკვე “ბოკა ხუნიორსში” ვთამაშობდი, სახლში მივედი და საჭმელი არ იყო. დედა და მამა ხმამაღლა ლანძღავდნენ ერთმანეთს. მახსოვს, ჩემს პირველ მწვრთნელ რამონ მადონის დავურეკე და ყველაფერი მოვუყევი. მან ვახშამზე დამპატიჟა, ღამე კი სახლში მივბრუნდი და ვხედავ, მაგიდაზე კვერცხით და ყველით სავსე თეფშია. თურმე, მამამ სადღაც იშოვა ფული და დედამაც საუზმე მომიმზადა. ეს რომ დავინახე, ავტირდი.

მამათქვენი მკაცრი ადამიანი იყო?
- შვიდს რომ თხუთმეტი აკლდა, სახლში ვიყავი. მამა შვიდ საათზე მოდიოდა და შინ თუ არ დავხვდებოდი, ნერვიულობას იწყებდა.

ფეხბურთი როდის და როგორ შეგიყვარდათ?
- როცა სკოლაში წასვლა აუცილებელი არ იყო, თანატოლებთან ერთად, საღამომდე ბურთს დავდევდი. საერთო ბურთი გვქონდა. ყველაზე დიდი პრობლემა ტანსაცმელი იყო: ბუცები იმდენად მიჭერდა, რომ ფეხის თითები არ მეზრდებოდა. ჩვენი “მინდორი” ნაგავსაყრელის პირას იყო, სადაც თამაში რისკია. “მინდორი” სავსე იყო ჭუჭყიანი შპრიცებით და დამტვრეული ბოთლებით. თითქმის ყოველთვის სანაძლეოზე ვთამაშობდით, თუმცა, დიდი ფული ვის გვქონდა - მხოლოდ კოკა-კოლაზე ან ჯიბის ფულზე... მახსოვს, მოგების მერე, იქვე ვყიდულობდით პურს და ცივ ხორცს. იქვე ვამზადებდით საჭმელს.

ბავშვობის წლებს მწარედ იხსენებთ?
- მიუხედავად ყველაფრისა, ფუერტე აპაჩში (ბუენოს აირესის უბანი, სადაც ტევესი გაიზარდა – რედ.) ბედნიერიც ხშირად ვიყავი. ბავშვობაში ვფიქრობდი, რომ ქუჩაში რაიმე ნივთების გაყიდვით უნდა მერჩინა თავი, მაგრამ ფეხბურთმა მიხსნა. ფეხბურთი რომ არა, წარმოდგენა არ მაქვს, დღეს ვინ ვიქნებოდი. მე სხვა საქმიანობა არ გამომდის. სიღარიბე ძალიან ძნელია. უსამართლობაა, როცა ზოგს ყველაფერი აქვს, ზოგს კი – არაფერი. როდესაც ქუჩაში ჩაუცმელ და მწუხარესახიან ხალხს ვხედავ, შიშს ვგრძნობ და ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იყო მეც ასეთი ვყოფილიყავი. ვიცი, რას ნიშნავს შიმშილი და არავის ვუსურვებ.

ბევრნი გცნობენ იარებით. რიბერიც ასეა. არასოდეს გაგჩენიათ სურვილი, რომ მოიშოროთ?
- იარები მესამე ხარისხის დამწვრობისგანაა, რომელიც მდუღარეს გადასხმისგან დამრჩა. ეს ჩემი სხეულია და ოქროებიც რომ შემომთავაზონ, არ მინდა. ასე დავიტოვებ. ქირურგებს ჩემს სახეზე შეხების ნებას არ მივცემ. ადამიანის ხვედრი ასეთია: ისე უბრალოდ არაფერი ხდება. ღმერთმა იარებით გამომარჩია? ესე იგი, ასე იყო საჭირო და არაფრის შეცვლას ვაპირებ. იარები ჩემი ცხოვრების წარსულის გამოხატულებაა.