რამდენიმე დღეში ფეხბურთელთა მორიგი მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. არ ვიცი სხვა ქვეყნებში როგორ იქნება, მაგრამ საქართველოში დიდიან-პატარიანად ყველა ტოტალიზატორებისაკენ მიმავალ გზას დავადგებით. ჩვენს ქვეყანაში, უკვე დამკვიდრებული ტრადიციის მიხედვით, მსოფლიოსა თუ ევროპის პირველობებზე საბუკმეიკერო დაწესებულებებს ისეთი ადამიანებიც სტუმრობენ, რომლებსაც “ტყავის ბურთის” არაფერი გაეგებათ. “გერმანია-2006”-ის დღეებში თავად გავხდი მომსწრე ერთი ოთხმოცი წლის ბერიკაცის საქციელისა, რომელმაც ერთ-ერთ ტოტალიზატორში იტალიასთან საფრანგეთის მოგებაზე ოცი ლარი დადო. ამ საპასუხისმგებლო ოპერაციის დასაწყისში კი ოპერატორ გოგონას, აკანკალებული ხმით “ ფრანცების მოგებაზე დამიდეო”-სთხოვა. “პენსია გუშინ ავიღე და შვილიშვილმა მირჩია ფრანცუცებზე ჩადიო”-ამოიოხრა მოხუცმა. რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ შვილიშვილი კარგი მრჩეველი ვერ გამოდგა და საყვარელ ბაბუსაც ფული წააგებინა.

კიდევ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში, ჩემი ძმაკაცები ვინმე მაყვალა ბაბოსთან დადიოდნენ, რომელსაც “ასპროცენტიანი” ნათელმხილველის რეპუტაცია გააჩნდა. ამ უკანასკნელს ფეხბურთი საერთოდ არ ესმოდა, მაგრამ თუ შეეკითხებოდი მაგალითად არგენტინა-ინგლისის შეხვედრის პროგნოზს, თან აუხსნიდი რომ სამი მოსალოდნელი შედეგიდან ( არგენტინის მოგება, ფრე, ინგლისის წარმატება) მხოლოდ ერთის გაგება გსურდა, კარტს გაშლიდა და ცოტა ხანში პასუხსაც გაცნობებდა. პირველი დღეები ბიჭებისათვის წარმატებული გამოდგა, შემდეგ კი უიღბლო “პალასა” დაგვეწყო. საქმე ვერც ქალბატონი მაყვალას გამოცდილებამ გამოასწორა. იმ მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ გავიგე, რომ ნახევარი თბილისი თურმე მკითხავებთან დადიოდა.

ცოტა ხანში მსოფლიოს ახალი პირველობა დაიწყება და თბილისში მომუშავე გამოცდილ ნათელმხილველებზე მოთხოვნა კვლავ აქტუალურია. არ ვიცი თანამემამელე “ჯადოქრები” ამ საქმეს თავს როგორ გაართმევენ, მათი უცხოელი კოლეგების საქმიანობით კი დავინტერესდი და რამდენიმე”საინტერესო” ინფორმაციაც მოვიძიე.

საზღვარგარეთელი ნათელმხილველების აზრით, “სამხრეთ აფრიკა–2010”-ის მოგების ყველაზე მეტი შანსი ბრაზილიის, ესპანეთისა და იტალიის ნაკრებებს გააჩნიათ. გაგიკვირდებათ და თურმე ძლიერი ეზოთერული და მაგიური დატვირთვებით სწორედ რომ ეს სამი ნაკრები გამოირჩევა. ეს ინფორმაცია ნამდვილად გამიკვირდა.

მსოფლიოს ჩემპიონატი აფრიკაში ტარდება, იქაური გუნდები კი ყოველთვის განსაკუთრებული მაგიური დატვირთვებით გამოირჩევიან. აფრიკის ნებისმიერ გუნდს ჰყავს თავიანთი შემლოცველები, რომლებიც თითოეული შეხვედრის წინ შესაბამის რიტუალს ასრულებენ. თურმე “შამანიზმი” ბოლო პერიოდში სხვა კონტინენტებზეც ჯეროვნად განვითარდა და აფრიკელებს უკვე დიდ კონკურენციასაც უწევენ.

გავიგე ისიც, რომ ფეხბურთელები სხვადასხვა თილისმებს და ავგაროზებს წარმატებით იყენებენ. განსაკუთრებით ძლიერ თილისმად ითვლება ის ასტროლოგიური ქვა, რომელიც ფეხბურთელის ზოდიაქოს მფარველობს. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თურქეთის ნაკრებმა ერთგვარი სიურპრიზი შემოგვთავაზა და საპატიო მესამე ადგილი დაიკავა. თურმე ამ გუნდის ყველა მოთამაშეს საკუთარი ამულეტი ჰქონია და მატჩების დროს, ისე გულმოდგინეთ მალავდნენ, რომ მსაჯები ვერაფერს ამჩნევდნენ. Mმხოლოდ ერთხელ დაფიქსირდა სამწუხარო ფაქტი, როდესაც არბიტრმა ჰასან შაშს მფარველი თილისმა მოხსნა. ამან ფეხბურთელის ქვეცნობიერებაზე ისე უარყოფითად იმოქმედა, რომ იმ დღეს თამაში აღარ წაუვიდა და ცოტა ხანში შეცვალეს კიდეც.

ბევრმა იცის, რომ 1998 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში, სადაც საფრანგეთმა ბრაზილია დაამარცხა, რონალდომ საკმაოდ სუსტად ითამაშა. ამის მიზეზად თამაშის წინ ფეხბურთელის თავბრუს ხვევა და ღებინების შეგრძნება დასახელდა. შეხვედრის შემდეგ რონალდო საავადმყოფოში გააქანეს, მაგრამ ექიმებმა მას ორგანული დაავადების დიაგნოზი ვერ დაუსვეს. მრავალმა თქვენთაგანმა არ იცის და იმ გადამწყვეტი თამაშის წინ ბრაზილიელ მოთამაშეზე თურმე სხვადასხვა არაკეთილმოსურნე ძალებმა იმოქმედეს. სხვადასხვა გათვალვა, ასევე წყევლის ზემოქმედების ფაქტორი ფეხბურთშიც მოქმედებს. მოგვიანებით გაირკვა, რომ რონალდოს საკითხზე პროფესიონალმა ჯადოქრებმა იმუშავეს და ამ ფეხბურთელსაც, განსაკუთრებული სიძლიერის წყევლა დაატეხეს. ამ მონაჩმახს ნამდვილად არ დავიჯერებდი, მაგრამ მავანი და მავანი უცხოელი ნათელმხილველი ამას სრული სერიოზულობით ამტკიცებდა.

საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკაში ვერ მოხვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხბურთელებს მივაწვდიდი რჩევას მათი აურის გასუფთავებისა და ენერგეტიკის დაცვის საშუალებების შესახებ. უცხოელი „ჯადოქრების“ შრომების გაცნობის შემდეგ დავადგინე, რომ მოთამაშეს უნდა ეცვას იმ ფერის ტანსაცმელი, რომელიც აძლიერებს მის შინაგან ძალას და დადებითად მოქმედებს ფეხბურთელის აურაზე. მაგალითად, კირჩხიბისათვის შავი ფერის ტარება იწვევს უდიდეს ენერგეტიკულ დანაკარგებს. თეთრი ან ვერცხლისფერი ტანსაცმელი კი პირიქით, ენერგიით ავსებს.

მსოფლიო ჩემპიონატის დღეებში ნათელმხილველებს განსაკუთრებულად დაძაბული სამუშაო გრაფიკი გააჩნიათ. ამა თუ იმ შეხვედრის ზუსტი პროგნოზირებისათვის მათ დიდი მუშაობა ესაჭიროებათ. ნამდვილმა მკითხავმა იცის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე ყველა ფეხბურთელის დაბადების წელი, თვე და რიცხვი. ეს არის მნიშვნელოვანი იმის განსასაზღვრელად, ესა თუ ის თამაშის დღე, რამდენად წარმატებული იქნება როგორც მოთამაშისათვის, ასევე მთლიანად გუნდისათვის. შეხვედრას თურმე იგებს ის ნაკრები, რომლის ფეხბურთელთა უმრავლესობისათვის პოზიტიური დღეა. ასე რომ, ქართველო გულშემატკივრებო. სანამ თანამემამულე ნათელმხილველებს მიაშურებდეთ და მომავალ პროგნოზებსაც დაეკითხებოდეთ, წინასწარ ერთი შეკითხვა დაუსვით, გააჩნია თუ არა ამ „სპეციალისტს“ მუნდიალში მონაწილე ყველა ფეხბურთელის ანკეტური მონაცემები.

ერთი კი გამკვირვებია. მაგალითად ოც ივნისს იტალია-ახალი ზელანდიის შეხვედრაა. რასაკვირველია ჯიბის გასქელება მსურს, მაგრამ აპენინელებს მოგებაზე დაბალი კოეფიციენტი აქვთ და დიდი თანხის დადება მომიწევს. ამ დროს მავანი და მავანი აბორიგენი ახალ ზელანდიელი შამანი, „სკუადრა აძურას“ განსაკუთრებული სიძლიერის წყევლას გამოუგზავნის და კიდევ ერთი სენსაციაც დაფიქსირდება. ინტერნეტში ძრომიალისას ვერ მივაგენი იმ სქემას, სადაც ჩემპიონატში მონაწილე ყველა ნაკრებების პოზიტიური და ნეგატიური დღეებია ჩამოთვლილი. ალბათ ამ სახის ინფორმაციას მსოფლიო ნათელმხილველები საიდუმლოდ ინახავენ.

რამდენიმე დღეში მუნდიალი იწყება. გავიგე, რომ თბილისის ერთ-ერთ გარეუბანში ბაბო კარენა ცხოვრობს, რომელსაც საფეხბურთო შეხვედრების შედეგების გამოცნობის მაღალი მაჩვენებელი აქვს. აუცილებლად ვესტუმრები, შედეგებს საკუთარ თავზე გამოვცდი და წარმატების შემთხვევაში მის მისამართს აუცილებლად გაცნობებთ.