რუს ახალგაზრდობას აღარ ხიბლავს მდიდარ ოლიგარქად, ან "ვალუტის მეძავად" გახდომის პერსპექტივა. დღეს ახალი თაობა ჩინოვნიკის თანამდებობას შენატრის, - აცხადებს გერმანელი ჟურნალისტი მანფრედ კვირინგი, რომელიც კორესპონდენტად რუსეთში მრავალი წლის მანძილზე მუშაობდა.

"სახელმწიფო სამსახური იძლევა იმას, რისკენაც რუსი ახალგაზრდების უმრავლესობა მიისწრაფვის - ხვალინდელი დღის რწმენის, კარიერულ ზრდისა და სწრაფად გამდიდრების შესაძლებლობას", - წერს ჟურნალისტი Die Welt-ის სტატიაში.

1990-იანი წლების დასაწყისში სოციოლოგები დაზაფრულნი რჩებოდნენ, როდესაც მაღალი კლასების მოსწავლეებს ეკითხებოდნენ, ვინ სურდათ გამოსულიყვნენ. მაშინ ყმაწვილებს კისერზე ოქროს ჯაჭვიანი, მაფიოზი ბიზნესმენის სვე-ბედი ხიბლავდათ, გოგონები კი, რომლებიც ელეგანტურ უცხოელებსა და მათ დოლარებზე ოცნებობდნენ, ელიტური მეძავის პროფესიას შენატროდნენ.

2000 წლიდან რუსეთში ეკონომიკურმა სტაბილურობამ, საბანკო სფეროში, ნავთობ-გაზისა და სხვა მსხვილ კომპანიებში ახალი სამუშაო ადგილების გაჩენამ, განათლებული კადრების საჭიროება კვლავ წარმოშვა. თუმცა ეკონომიკურმა კრიზისმა ამ შემთხვევაშიც იჩინა თავი, რასაც მოგვიანებით ხელფასების შემცირება, რიგ შემთხვევებში კი სამსახურების დაკარგვა მოჰყვა.

უკვე ბოლო ათწლეულში ახალგაზრდობამ მზერა რუსულ ბიურაკრატიას მიაპყრო, რომელიც ბიუჯეტის მოზრდილი ლუკმის "გადასანსვლას" ყოველწლიურად ახარხებს. ჩინოვნიკად გახდომის მსურველთა რიცხვიც წლიდან წლამდე მატულობს. ამიტომ გასაკვირი არაა, რომ რეგიონების უმაღლეს სასწავლებლებში სახელმწიფო და მუნიციპალური მართვის ფაკულტეტებში ერთ ადგილზე 160 აბიტურიენტი მოდის.

სოციოლოგიური კვლევის სამსახურმა HEADHUNTEA-მ რუსეთის მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა, რათა გაერკვია, რამდენ ადამიანს სურს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობა. აღმოჩნდა, რომ ასეთი მოსახლეობის თითქმის ნახევარია.

მანფრედ კვირინგი თავის სტატიაში აღნიშნავს, რომ თანამედროვე რუს ახალგაზრდებს ყველაზე მეტად სახელმწიფო სამსახურში დამატებითი შემოსავლების მიღების საშუალება ხიბლავთ, რაშიც უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქრთამი იგულისხმება.

"ჩინოვნიკები სახელმწიფო სამსახურს დამატებითი შემოსავლის წყაროდ ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს განიხილავდნენ. თუმცა ახლანდელ რუსეთში ამან უკვე საგანგაშო მასშტაბები მიიღო. ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ადვოკატთა ასოციაციის ანგარიშში ნათქვამია, რომ ქრთამებში გაცემული თანხა რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (2009 წელს 1,2 ტრლნ დოლარი) თითქმის ნახევრის ექვივალენტურია", - ნათქვამია სტატიაში.