ინგლისის ნაკრები სამხრეთ აფრიკაში დიდი ამბიციებით ჩავიდა და მსოფლიო თასის მოპოვების ერთ-ერთ უპირობო ფავორიტადაც იწოდება. ეს ქაღალდზე, რეალურად კი მდგომარეობა ისეთია, რომ დიდი ბრიტანელები ჯგუფიდანაც შეიძლება რომ ვერ გავიდნენ.

“ნისლიანი ალბიონის” ქვეყანა “მუნდიალი-2010”-ისათვის განსაკუთრებულად მოემზადა. გაზეთ “დეილი ტელეგრაფის” გამოკვლევების მიხედვით, ლონდონურ ბირჟაზე დარეგისტრირებულმა 33-მა კომპანიამ თავის აქციონერებს განუცხადა, რომ მსოფლიოს თასის გათამაშება და ინგლისელთა წარმატებული გამოსვლა მათ ბიზნესზე დადებით გავლენას მოახდენდა. ბრიტანული საბუკმეიკერო კანტორები დაახლოებით მილიარდი ფუნტი სტერლინგი მოგების მიღებას ვარაუდობდნენ.

ამის გარდა, დიდ ბრიტანეთში საკმაოდ ძლიერია საფეხბურთო მატჩების პაბებში ყურების ტრადიცია. გამოკვლეულია, რომ სამხრეთ აფრიკაში მიმდინარე ბატალიებს ბრიტანელთა 20 პროცენტი სწორედ რომ სხვადასხვა ლუდხანებსა და პაბებში ადევნებს თვალყურს. 2010 წლის ჩემპიონატზე, ბრიტანეთის “დასალევ დაწესებულებებში”, მხოლოდ ინგლისის ნაკრების თამაშების დროს 11,3 მილიონ ლიტრ ლუდს მიირთმევენ. რასაკვირველია ეროვნული გუნდის წარმატებები ამ ორგანიზაციების მეპატრონეებს დამატებით მოგებას უქადის. ამას გარდა, თავიანთი პროდუქციის რეალიზაციის მატება შეამჩნიეს ბრიტანელმა საყოფაცხოვრებო ელექტროტექნიკის მწარმოებლებმაც. ეს ტენდენცია ძირითადად ტელევიზორებზე მოდის და ასევე პირდაპირ კავშირშია ინგლისის ნაკრების წარმატებებზე.

იმდენად მაღალი იყო მომავალი მუნდიალის მიმართ ინტერესი, რომ ბრიტანეთში გახმაურებული ფილმების, “სექსი დიდ ქალაქში-2” და “რობინ ჰუდის” პრემიერები აფრიკულ საფეხბურთო ზეიმამდე რამდენიმე დღით ადრე დანიშნეს. თავად სამხრეთ აფრიკაში 25 ათასამდე ინგლისელი ტურისტი ჩავიდა. მსოფლიოს პირველობაზე დასასწრები პაკეტების ფასი 3625 დოლარიდან 7250 დოლარამდე მერყეობდა და სულ სამიოდე თვეში გაიყიდა.

მოლოდინი და იმედი დიდი იყო და გულშემატკივართა ოპტიმიზმი ვერც აშშ-ის ნაკრებთან უფერულოდ ჩატარებულმა შეხვედრამ შეარყია.

ალჟირთან თამაშს ყველა განსაკუთრებული განწყობით ელოდა. ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ უეინ რუნის თანაგუნდელებს აუცილებლად უნდა მოეგოთ, დონ ფაბიო კაპელოს ფაქტორიც მოქმედებდა. ამ უკანასკნელს 18 ივნისს დაბადებიდან 64 წელი შეუსრულდა. ფეხბურთის ამ სპეციალისტზე რამდენიმე საინტერესო ინფორმაცია მოვიძიე.

კაპელოს 40 წელია რაც ოჯახი ჰყავს. მას და მის მეუღლე ლაურას მოგზაურობა და მხატვრობა უყვართ. მეგობრები?

“მე საფეხბურთო სამყაროში ახლო მეგობრები თითქმის არ მყავს. ჩემი უახლოესი მეგობრები ოპერისა და მხატვრობის სამყაროდან არიან, ასე რომ მათთანაც ფეხბურთზე ლაპარაკით არ ვძიმდები” - განაცხადა ერთხელ იტალიელმა მწვრთნელმა. თუმცა გამონაკლისიც არსებობს და საფეხბურთო სამყაროში კაპელოს სამი ახლო მეგობარი მაინც ჰყავს: დინო ძოფი და მისი მუდმივი ასისტენტები ფრანკო ბალდინი და იტალო გალბიატი. გალბიატის ფაბიოსთან ერთად გოლფის თამაშისას, ბუნების, საფარის, ხარების ბრძოლის და სხვა თავგადასავლების ამბებიც აქვს აღწერილი.

ინგლისის ნაკრების ფეხბურთელების აზრით, მართლები არიან ისინი, ვინც ამტკიცებენ, რომ კაპელოს ძლიერი აურა აქვს. მოთამაშეები ყოველივე ამას საკუთარ თავზე მუდმივად გრძნობენ. თავის დროზე ინგლისის ნაკრებში, საკუთარი ავტორიტეტის გასაძლიერებლად კაპელომ ფეხბურთელებს ერთი რამ მოსთხოვა: გასახდელში რომ შევლენ, ყველა ჩუმად უნდა დაჯდეს და მას დაელოდოს. ლაპარაკი თავად კაპელომ უნდა დაიწყოს და არავის უნდა ეგონოს რომ სისუსტის გამოვლინების უფლება აქვს. თუ ფაბიო დაინახავს, რომ რომელიმე ფეხბურთელს გამოლანძღვა უშველის, ამასაც არ მოერიდება.

აი, ასეთი მწვრთნელის შეგირდებმა ვერ მოუგეს ალჟირის ნაკრებს და სამუნდიალე ამბიციებიც სასწორზე შემოდეს. ამ მატჩის დასრულების შემდეგ მეტად რომ საინტერესო მოვლენები განვითარდა.

თავდაპირველად საკუთარ გუნდს თავდავიწყებით უსტვინა “ნისლიანი ალბიონიდან” აფრიკაში ჩასულმა გულშემატკივარმა. მშობლიური ფანების ამ საქციელმა მეტად გააკვირვა უეინ რუნი:

“რა უნდათ ჩვენგან, ამდენი სიხარული მივანიჭეთ და ნამდვილად არ ვიმსახურებთ ასეთ მოპყრობას. სლოვენიას აუცილებლად დავამარცხებთ, შემდეგ კი მსოფლიოს თასისათვის ვიბრძოლებთ”- განაცხადა “მანჩესტერ იუნაიტედის” ცენტრალურმა თავდამსხმელმა.

თამაშის დასრულების შემდეგ, ინგლისელთა გასახდელში პრინცი უილიამი და პრინცი ჰარი სტუმრობდნენ. ამ დროს იქ მავანი და მავანი ბრიტანელი გულშემატკივარი შეიჭრა. ამ უკანასკნელმა ჯერ კაპელო და მისი სამწყო გამოლანძღა, შემდეგ კი დევიდ ბექჰემს მივარდა და რამდენიმე “სახალისო” სიტყვა მისთვისაც გაიმეტა.

მსოფლიოს ჩემპიონატზე უსაფრთხოების ზომები მკაცრად არის დაცული და საინტერესოა, ამ პიროვნებამ მრავალი დაცვითი კორდონის გადალახვა და შემდეგ ინგლისელთა გასახდელში შეღწევა როგორ მოახერხა? ამ ინციდენტის შემდეგ, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფა-სგან ოფიციალური განმარტება მოითხოვა. გუშინ დილით, ინგლისურმა “სანმა”, საკუთარ ნაკრებს ერთი პატარა პასკვილი მიუძღვნა, სადაც ამტკიცებდა, რომ ბრიტანელები მსოფლიოს ჩემპიონები ვეღარ გახდებიან.

“ინგლისის საქმე გასაგებია: გრძელი პასით ცდილობს, ბურთი მეტოქის საჯარიმოს მიდამოებში მიიტანოს, რათა იქიდან უეინ რუნის, ემილ ჰესკის ან მუდმივად შეცვლაზე შემოსული, აყლაყუდა პიტერ კრაუჩის ტიპის თავდამსხმელს ჩააწოდოს. ინგლისელები ხუთ პასს გადაბმით რომ ვერ აწვდიან ერთმანეთს გასაგებია, რადგან სტივენ ჯერარდმა და ფრენკ ლამპარდმა ზუსტი გადაცემის გაკეთება სულ დაივიწყეს. გოლები როგორ გააქვთ? მხოლოდ თავით ან სტანდარტულებით. ინგლისური პრესა ყოველი დიდი ჩემპიონატის წინ ამბობს, რომ ჩემპიონი, რა თქმა უნდა, ინგლისი გახდება, შემდეგ კი, რომელიღაც ეტაპზე ინიშნება მატჩის შემდგომი პენალტები და ფეხბურთის სამშობლოს ნაკრები მარცხდება. ეს ჩვენი ტრეადიციაა, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ალბათ თერთმეტმეტრიანებამდეც ვერ მივაღწევთ, რადგან ჯგუფიდან ვერ გავალთ. გულშემატკივრები, რასაკვირველია, მთვრალი ხულიგნები არიან”.

ორიოდე დღის წინ, “სანი” საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის გაჩემპიონობაზე საუბრობდა, გუშინ კი ტონი შეიცვალა და სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრების მტკიცება დაიწყო.

ფაბიო კაპელო მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი:

“არ მსურს, რომ კონკრეტულად რომელიმე ფეხბურთელი გავაკრიტიკო. როდესაც თამაში არ გამოგვდის, ამით მთლიანად გუნდია დამნაშავე. წინ გადამწყვეტი მატჩი გველის და სლოვენიასთან ჩვენი ბედი გადაწყდება. ამ შეხვედრის წინ ბიჭებთან განსაკუთრებულ საუბრებს არ ჩავატარებ, რადგან ყოველმა მოთამაშემ იცის, რომ მათ უკან დიდი ბრიტანეთი დგას. ჩემი ფეხბურთელებისა ძველებურად მჯერა და ვიმედოვნებ, რომ სლოვენიასთან შეხვედრა ჩვენთვის უფრო წარმატებული აღმოჩნდება”.

ინგლისის ნაკრები შეიძლება რომ მსოფლიოს ჩემპიონი მართლაც გახდეს. მაპატიონ ამ გუნდის მოთამაშეებმა, მაგრამ უძლიერესის ტიტული ვაჟკაცთა ხვედრია და საკუთარი სიძლიერე ეჭვის ქვეშ არასოდეს არ უნდა დააყენო.