
მას, ვისაც ნამდვილი კუბური რითმით სურს ცხოვრება, აუცილებლად მოუწევს "რუმბას" და "ჩა-ჩა-ჩას" ცეკვა და სიგარისა და მოხიტოს დაგემოვნება, რადგან ყველა მათგანი თავისუფლების კუნძულის განუყრელი და ექსკლუზიური სიმბოლოებია.
"მოხიტო" ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი კოქტეილი იყო. მისთვის კოქტეილის განსაკუთრებულ ვერსიას Double Papa-ს ამზადებდნენ. ხოლო ფიდელ კასტრო მას ტკბილ ლიქიორთან ერთად მიირთმევს.
მსუბუქი, გამაგრილებელი კოქტეილი "მოხიტო" კუბაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამოჩნდა და მალე თავისუფლების კუნძულის ყველაზე პოპულარულ სასმელად იქცა. "მოხიტოს ბუმმა" ჯერ ამერიკის შეერთებული შტატები მოიცვა და ცოტა ხანში მთლიანად ევროპაც დაიპყრო.
დღეს "მოხიტო"-ს დაგემოვნება უკვე საქართველოშიც შეიძლება. კოქტეილს ხშირად შევხვდებით თბილისის ყველაზე ელიტარულ კაფე-ბარებში და შეიძლება ითქვას, რომ თბილისელი მომხმარებლის ერთ-ერთი საყვარელი სასმელია. განსაკუთრებული პოპულარობით "მოხიტო" ქალბატონებში სარგებლობს.
სახელწოდება
საინტერესოა თავად სახელი "მოხიტოს" წარმოქმნის ისტორია. ზოგიერთი სპეციალისტის აზრით, დასახელება მომდინარეობს ესპანური სიტყვა "mosquito"-დან, რაც კოღოს ნიშნავს. აღნიშნული თეორიის მიმდევრები კოქტეილის მოქმედებას სწორედ ამ მწერის კბენას ადარებენ. სპეციალისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ "მოხიტო" სიტყვა "mojado"-ს სახეცვლილებაა და "სველს" ნიშნავს. ხოლო მესამე ვერსიის თანახმად, კოქტეილის სახელწოდება ესპანური "მოხო"-ს სოუსიდან მომდინარეობს და "მოხიტო" "პატარა მოხოს" ნიშნავს.
უნდა აღინიშნოს, რომ ერთ-ერთი ლათინო-ამერიკელი მწერალი ფრაგოსო მარისოლი (Fragoso Marysol) თავის ნაწარმოებში კოქტეილს მოიხსენიებს მეტად რომანტიულ კონტექსტში: "მოხიტო ეს არის მშვენიერი ქალის ლამაზი სიტყვები და ალერსი, ეს არის სამი განუმეორებელი წუთი ცხოვრებისა, რომელიც არსებობს ზეცაში და საყვარლის ტუჩებზე, რომელიც გვანიჭებს უსაზღვრო სიამოვნებას"
მომზადების წესი
კლასიკური "მოხიტო" მზადდება "ბილდ"-ის მეთოდით: ჭიქაში ჩავყრით შაქარს, პიტნას, დავუმატებთ პატარა ზომის ლიმონის წვენს, რომელიც აუცილებლად ხელით იწურება, ლიმონის კანსაც ჭიქაში მოვათავსებთ, ჩავყრით ყინულს, ჩავასხამთ რომს და მოვურევთ. ამის შემდეგ კოქტეილში ცოტაოდენი გაზიანი წყალი უნდა ჩავასხათ და "საწრუპის" საშუალებით დავლიოთ.
რომი ტრადიციული "მოხიტოს" ერთადერთი ალკოჰოლური კომპონენტია და ისიც აუცილებლად ანტილიის კუნძულებიდან უნდა იყოს. თუმცა ზოგიერთი მოყვარული კოქტეილს Havana Club-თან, Bacardi-თან, Barbancourt-თან, იამაიკურ Captain Morgan-თან და ბარბადოსის Mount Gay-თან ერთად მიირთმევს.
არსებობს, ასევე, ცხელი "მოხიტოს" მომზადების წესი. ამ შემთხვევაში კოქტეილს ცოტაოდენ თაფლს ამატებენ.
დღეს მსოფლიოს რესტორნებსა და ბარებში შეხვდებით მარწყვის, ანანასის, ფორთოხლის და უალკოჰოლო "მოხიტოს" ნაირსახეობებს.
ბოლოს გაგაცნობთ ნამდვილი კუბური მოხიტოს მომზადების წესს. იმისთვის, რომ კოქტეილის ჭეშმარიტი გემო შეიგრძნოთ, ის შემდეგნაირად უნდა დამზადდეს:
რომი Habana Club (ან Anejo)
½ ჩაის კოვზი შაქარი
1 ც. ლიმონის წვენი
5-6 პიტნის ფოთოლი
5-6 ც ყინულის კუბიკი
რაც შეეხება გაზიან წყალს, კუბელები გვირჩევენ თავი შევიკავოთ მისი გამოყენებისგან.
